hidden text
hidden text
E y e w i t n e s s   S t u d i o

ფილმების ჩვენება / დისკუსია

22 თებერვალს, საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფისში სტუდია“თვითმხილველმა“ ჩაატარა ტრენინგი/სემინარი ჟურნალისტებისა და მოქალაქე–რეპორტიორებისათვის. შეხვედრას უძღვებოდა სტუდიის მთავარი რედაქტორი დავით ფიფია.

ფილმების ჩვენება / დისკუსია

31 იანვარს სტუდია ‘თვითმხილველმა’ ჟურნალ “ლიბერალის” რედაქციაში მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოაწყო. ნაჩვენები იყო ოთხი ფილმი სახელწოდებით: „სულების მკურნალობა“, „პანკისის წესები“, „დღევანდელი დღე და უძველესი ტრადიცია“,“უკრაინელი ქართველი“. შეხვედრას ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტები და ფილმის ავტორები ესწრებოდნენ.

ფილმების ჩვენება / დისკუსია

26 დეკემბერს ქალაქ თელავში სტუდია „თვითმხილველმა“ მოაწყო დოკუმენტური ფილმების ჩვენება. წარდგენილი იყო სტუდიის მიერ მომზადებული ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით: „თელავური სერიალი: ტატუ“, „პანკისის წესები“, „მოხუცი და მაწონი“ , „უწყლობა ბაკურციხეში“. შეხვედრას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

2010 წლის იანვრიდან თელავის საკაბელო ტელევიზია „გორდა“ წარმოგიდგენთ სტუდია "თვითმხილველის" მიერ წარმოებული მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს, რომელიც ეთერში გავა ყოველ პარასკევს 15:45 საათზე. 

საკაბელო ტელევიზია მაუწყებლობს ყოველდღიურად და ვრცელდება ქ. თელავსა და თელავის რაიონის 10 სოფელში. ახლო მომავალში იგეგმება არხის ტრანსლირება მთელს რეგიონში.

„ჩვენი არხის მაყურებელი თელავის რაიონის 95%–ია. პირდაპირ ეთერში გვიყურებენ უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც“– განაცხადა ტელევიზიის დირექტორმა ბატონმა გივი მამუკელაშვილმა.

 

 http://www.livegeorgia.ge/en/telavi-live/central-square.html

 

სემინარი

  

 

12 დეკემბერს სტუდია "თვითმხილველის" რედაქტორმა დავით ფიფიამ ჩაატარა ტრენინგი/სემინარი ვიდეო გადაღებების მეთოდებსა და ძირითად პრინციპებზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც სტუდიის ქსელში უკვე ჩართული "მოქალაქე–რეპორტიორები" და რამდენიმე ფილმის ავტორები ისე პროექტის ახალი წევრები – ახალგაზრდები, რომლებმაც საკუთარ ისტორიებზე ფილმის გადაღების სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრაზე განხილული იყო ფილმის მომზადების დროს ავტორების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები და მაგალითისთვის ნაჩვენები იყო უხარისხოდ გადაღებული ვიდეო მასალები. მონაწილეებს საშუალება მიეცათ ასევე ენახათ ტრენინგის მონაწილეების მიერ გადაღებული ფილმები, რის შემდეგაც გაიმართა საინტერესო დისკუსია ახალ წევრებსა და ფილმის ავტორებს შორის.

სემინარის მსვლელობისას ახალმა წევრებმა წარადგინეს საკუთარი თემები და რედაქტორის დახმარებითა და ფილმის ავტორების გამოცდილების გათვალისწინებით გაკეთდა მათი ფილმების სცენარის მონახაზი. მათ დაურიგდათ სტუდიის მთავარი რედაქტორის მიერ შემუშავებული კითხვარი, რომელიც დაეხმარება ავტორს ფილმისთვის შერჩეული გმირის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებაში.

შეხვედრის ბოლო ნაწილი მიეძღვნა პრაქტიკულ მხარეს, ჩაუტარდათ ტრენინგი კამერასთან მუშაობასა და ვიდეოგადაღების ძირითად მეთოდებზე.

 

ფილმების ჩვენება / დისკუსია

16 დეკემბერს გოუ ჯგუფმა მოაწყო სტუდია "თვითმხილველის" მიერ წარმოებული ფილმების ჩვენება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წარდგენილი იყო სამი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: "პანკისის წესები", "მოხუცი და მაწონი", "ანაიდას ოცნება".

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალისტიკის და სოციოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე–2 და მე–3 კურსის სტუდენტები. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელზეც განხილული იყო ფილმებში წამოჭრილი საკითხები. შეხვედრის მსვლელობისას ახალგაზრდებმა ასევე ისაუბრეს ჟურნალისტიკაში არსებულ პრობლემებზე.

სტუდენტების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ფილმმა "პანკისის წესები", რომელიც პანკისის ხეობის მაცხოვრებლის "მოქალაქე რეპორტიორის" მიერ არის გადაღებული. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებზე და მათ–ადათ წესებზე და გვთხოვეს, რაც შეიძლება მეტი ფილმი მომზადდეს იმ ადამიანებზე და რეგიონებზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია თითქმის არ არსებობს. დიდი ინტერესი გამოიწვია ორგანიზაციის და სტუდია თვითმხილველის საქმიანობამ და სტუდენტების უმეტესობამ ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობისა და პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

"ფილმები მართლაც ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ, იმ ადამიანებმა, რომლებიც დედაქალაქში ვცხოვრობთ, სამწუხაროდ არ ვიცით რა ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა შევიტყოთ რაც შეიძლება მეტი რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე და მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ასეთი სტუდიის არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას"– აღნიშნავს ცისანა შერგილაშვილი, სტუდენტი

"ძალიან მომეწონა ეს ფილმები და სასიხარულოა ასეთი სტუდიის არსებობა. მნიშვნელოვანია ინფორმაციის ისეთი რეგიონებიდან მოპოვება, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის რამე. პირადა მე დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მივიღე ქისტების ტრადიციების შესახებ. სიამოვნებით ვნახავდი მსგავს ფილმებს ოსეთიდან და აფხაზეთიდან"– აღნიშნა ლელა გოგოლაძემ, სტუდენტი.

"ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ჟურნალისტებისთვის ასეთი ადამიანური ამბების მოსმენა, რადგან ამის ნაკლებობა რეალურად არსებობს. ვფიქრობ, რომ მსგავსი ფილმების საშუალებით მართლაც შესაძლებელია არსებული პრობლემების მოგვარება. ძალიან კარგი იქნება ასეთი ინფორმაციის მიღება კონფლიქტური რეგიონებიდანაც, რადგან არ ვიცით რეალურად რა ხდება და როგორ ცხოვრობს იქ ხალხი" – სოფო ბერიაშვილი, სტუდენტი.

ჟურნალისტიკის და სოციოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორმა გიორგი ლომსაძემ, რომლის ინიციატივით და მიწვევით შედგა ღონისძიება განაცხადა, რომ ფილმში ნაჩვენები ‘ადამიანური ისტორიები’ ხშირად უფრო მეტს ჰყვება და უკეთეს სურათს წარმოაჩენს არსებულ სიტუაციაზე ვიდრე პროფესიონალურად გაკეთებული ზოგიერთი სიუჟეტი და მიაჩნია, რომ ძალიან სასარგებლოა მომავალი ჟურნალისტებისთვის ისეთი პროდუქტის ნახვა, რომელიც არ არის დაშტამპული.

ფილმების ჩვენება / დისკუსია

13 ნოემბერს ნინოწმინდაში სტუდია "თვითმხილველმა" მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოაწყო. ნაჩვენები იყო ხუთი ფილმი სახელწოდებით: "მოხუცი და მაწონი", "შინ დაბრუნება", "კარტოფილი დროა", "დედა-ბებია" და "უკრაინელი ქართველი".

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ფილმის ავტორები ესწრებოდნენ.

ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც ჟურნალისტი სოფო ბუკია უძღვებოდა.

შეხვედრის მსვლელობისას განხილული იყო რეგიონში არსებული პრობლემები. მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს “დედა-ბებია” თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას მარტოდ დარჩენილ მოხუცს და მის შვილიშვილებს.

ფილმების ჩვენება / დისკუსია

სტუდია "თვითმხილველმა" ახალციხეში მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოაწყო. ჟურნალისტი სოფო ბუკია, რომელმაც დისკუსია მიჰყავდა, გვიამბობს დისკუსიის საინტერესო მომენტებზე:

სტუდია "თვითმხილველმა" ახალციხეში მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოაწყო. ნაჩვენები იყო ხუთი ფილმი სახელწოდებით: "მოხუცი და მაწონი", "შინ დაბრუნება", "სოფლის ავტობუსი", "დედა-ბებია" და "უკრაინელი ქართველი". აქედან, პირველი ოთხი ფილმი სამცხე-ჯავახეთს ეხებოდა.  

შეხვედრას ადგილობრივი ბეჭდური მედიის წარმომადგენლები, მომავალი ჟურნალისტები, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტები და რეგიონში გადაღებული ფილმების ავტორები ესწრებოდნენ.

ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. ფილმების ავტორებმა სტუმრების შეკითხვებს უპასუხეს, მათთან ერთად განიხილეს ფილმის გადაღებისას წარმოქმნილი ტექნიკური თუ სხვა ხასიათის სირთულეები და ფილმების თემატიკასა და გმირებზე ისაუბრეს.

"ძალიან ბევრი რამ შეგიძლია თქვა ამ პატარა ფილმებით. ფილმმა "სოფლის ავტობუსი" ჩემი სოფელი გამახსენა. ბევრი პრობლემა ჩანდა, თუნდაც ის, რომ ჯერ კიდევ ასეთი მოძველებეული ავტობუსები დადის სოფლებში, რომელთაც სულ ცოტა ფანჯრებზე მინებიც კი არ აქვთ. პრობლემაა, როცა სამ ან ოთხ სოფელს ერთი, ასეთი ძველი და ავარიული ავტობუსი ემსახურება და ამაში ვერავინ ხედავს პრობლემას. არასოდეს არავის მიუქცევია ყურადღება ამისთცვის", - ამბობს 22 წლის ნინო ნერგაძე, ფარმაცევტი.

სტუმრებს განსაკუთრებით ფილმი "მოხუცი და მაწონი" მოეწონათ.

"უამრავი ასეთი გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს ჩვენს ირგვლივ და ისინი ალბათ არავის ახსოვს. ვინ იცის, რამდენჯერ გვიყიდია მეგობრებს ამ მოხუცისგან მაწონი და სიამოვნებით მიგვირთმევია, მაგრამ არასოდეს დავფიქრებულვართ, რა აიძულებს ასეთ მოხუცს წვიმაში, თოვლში თუ ქარში მძიმე ჩანთით ქუჩა-ქუჩა იაროს", - გვითხრა თეონა მერაბიშვილმა.

"ძალიან მომეწონა ფილმი "შინ დაბრუნება". ზოგადად მაჰმადიანი-მესხებისადმი ცუდი განწყობა არსებობდა საზოგადოებაში და რატომღაც, მათ მიმართ ყველა აგრესიულად იყო განწყოფილი. ფილმში კარგად ჩანსმ, რომ ერთი, ჩვეულებრივი, მშრომელი და კეთილმეზობლური ოჯახია", - გვითხრა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტალახაძემ და დაამატა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებით სტუდენტები განებივრებულები არ არიან და ამიტომ, სასურველია თუ ხშირად გაიმართება: "თქვენც ხედავთ, უცებ როგორ გააქტიურდნენ, იდეებიც გაუჩნდათ და ღიად ისაუბრეს ძალიან ბევრ მტკივნეულ საკითხზეც. მე სულ ვესაუბრები, მაგრამ ასეთი შეხვედრები აუცილებელია, უკეთ რომ გააცნობიერონ მათი როლი რეგიონის ცხოვრებაში".

გარდა ნაჩვენები ფილმებისა, ახალგაზრდებმა რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს: სახელმწიფო ენის ცოდნა არაქართულენოვან მოსახლეობაში, ინტეგრაცია, ეთნიკური და რელიგიური პრობლემები. საუბარი შეეხო დისკრიმინაციის შემეთხვევებსა და სტერეოტიპებს.

დისკუსიის დასაწყისში ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ დასაქმებისათვის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პერსპექტივა არ აქვს. დღის ბოლოს, კი თითქმის ყველა მათგანმა აზრი შეცვალა და ფილმის გადაღება დაგეგმა.

"გამიჩნდა რამდენიმე იდეა, ძალიან კარგია, რომ აუცილებელი არ არის ჟურნალისტი იყო. ფილმს გადავიღებ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და ამით ვიტყვი ჩემს სათქმელს", - გვითხრა 22 წლის თეონა კოხოძემ.

პრეზენტაცია

 

 

 

23 ოქტომბერს ფონდის "ღია საზოგადოება- საქართველო" მხარდაჭერით სტუდია "თვითმხილველმა" მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოაწყო. წარმოდგენილი იყო სამი ახალი ფილმი სახელწოდებით: "ენგურის ხიდი", "თელავური სერიალი: ტატუირება" და "აჭარელი კოვბოი". ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოებისა და ადგილობრივი და რეგიონული ბეჭდური, ელექტრონული მედიის წარმომადგენლები და ფილმის ავტორები ღონისძიება ფონდ "ღია საზოგადოება– საქართველოს" პროგრამების კოორდინატორმა ირაკლი ცერცვაძემ გახსნა. ფილმების ჩვენებას და დისკუსიას უძღვებოდა მარიამ ბეთლემიძე, გოუ ჯგუფის ერთ–ერთი დამფუძნებელი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფილმის ავტორები, რომლებიც სტუმრების მხრიდან მათ მიმართ დასმულ კითხვებს პასუხობდნენ და ფილმის გადაღების დროს არსებულ სირთულეებზე, მიღებულ გამოცდილებაზე და მათ მიერ შერჩეული ფილმის გმირებზე საუბრობდნენ. გამოითქვა საინტერესო და მნიშვნელოვანი მოსაზრებები და შეფასებები როგორც მოწვეული სტუმრების, ისე ფილმის ავტორების მხრიდან.

"ფილმების ნახვის შემდეგ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ სიუჯეტები მსგავს თემებზე, რომელსაც ტელევიზიებით გადმოგვცემენ, ხელისუფლების მიერ კონტროლირდება და ყურადღება მხოლოდ იმაზე არის გამახვილებული თუ რა ცუდად ცხოვრობენ ქართველები აფხაზეთში. მე პირადად ვიცი, რომ იქ ხალხი ცხოვრობს და ფიქრობს ისე, როგორც ეს ფილმში "ენგური" არის გადმოცემული. ამ ფილმში უფრო მეტი სიხალასე და ბუნებრიობა გამოჩნდა, ვიდრე ტელევიზიების მიერ მოწოდებულ სიუჟეტებშია"– აღნიშნავს თეა მოსია, ჟურნალისტი

"ძალიან კარგია, რომ ამ ფილმების უმეტესობა ჩვეულებრივი ადამიანების მიერ არის გადაღებული, რაც კადრებიდანაც იგრძნობა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, რომ არაპროფესიონალის მიერ გადაღებულ ფილმში პროფესიონალური კადრები იყოს, მაგრამ აქ ეს არ არის მთავარი მიზანი. მთავარია ის, რომ ფილმს იღებს ჩევულებრივი ადამიანი საკუთარ ცხოვრებაზე და არავის ინტერესებს არ იცავს, რაც მაყურებელზე დადებითად მოქმედებს" – ამბობს მალხაზ ჭკადუა, სტუდენტი

 

 

დისკუსია

26 ოქტომბერს, გოუ ჯგუფის დირექტორმა მარგარიტა ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების შესახებ გამართულ დისკუსიაში, რომელიც  მიმდინარეობდა ავსტრალიური რადიო ATB Radio National–ის პირდაპირ ეთერში. დისკუსიის ჩანაწერის მოსმენა (ინგლისურ ენაზე) შესაძლებელია ქვემოთ მოცემული აუდიო ფაილის მეშვეობით ან ვებგვერდზე http://www.abc.net.au/rn/latenightlive/stories/2009/2724171.htm

 

სემინარი

ტრავმისა და ჟურნალისტიკის საერთაშორისო ორგანიზაცია "დარტ ცენტრმა"  ფონდ “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი ” და  სტუდია “თვითმხილველთან" ერთად ჩაატარა სემინარები  ტრავმის და ჟურნალისტიკის საკითხებში ქართველი ჟურნალისტებისა და ფსიქიატრიის სპეციალისტებისთვის, როგორც მორიგი ნაბიჯი შიდა-დარგობრივი ქსელის შესაქმნელად. 

ჩატარდა სამი სემინარი, 11, 12 და 16 ოქტომბერს თბილისში, გორსა და რუსთავში. სემინარებში მონაწილეობდნენ ცენტრალური, ადგილობრივი ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები.  საერთო ჯამში შეხვედრებს 45 ადამიანი ესწრებოდა.

სემინარებს უძღვებოდნენ: არნოლდ აიზექსი,“დარტ ცენტრის” ჟურნალისტი-მრჩეველი, პედაგოგი ჟურნალისტიკის საკითხებში პოსტკომფლიქტურ ზონებში; ჯანა ჯავახიშვილი, ქართველი ფსიქოლოგი, ერთ-ერთი ლიდერი ტრავმის კვლევებში და ასევე ტრავმის შედეგების მკურნალობის სწავლებაში და ზვიად ქორიძე, ცნობილი ქართველი დამოუკიდებელი ჟურნალისტი.

სემინარების მსვლელობისას განიხილებოდა თუ როგორ უნდა გაშუქდეს კონფლიქტი, სტიქიური უბედურება, ძალადობა და როგორ უნდა დაძლიოს ჟურნალისტმა ექსტრემალურ გარემოში მოვლენისგან გამოწვეული ემოცია და სტრესი ისე, რომ აუდიტორიაზე არ გადავიდეს; როგორ შეიქმნას შიდა დისციპლინარული ქსელი იმისთვის, რომ დაიწიოს ტრავმატიზმის საშიშროებამ და უფრო ვრცელმა საზოგადო ტრავმის განვითარებამ.

„სამწუხაროდ, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტიკა სულ სხვა რამ ყოფილა. ამ მხრივ ამერიკა და ევროპის ქვეყნები საკმაოდ წინ არიან და ის რაც მათ 30 წლის წინ გამოიკვლიეს და შეისწავლეს ჩვენთვის ახალია. სემინარზე მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კონფლიქტის გაშუქებისას, რა იწვევს სტრესს და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ეს მათი პრობლემაა და თავად უნდა მოაგვარონ, მაგრამ როგორც სემინარიდან შევიტყვეთ ამისათვის მთელი სისტემაა შემუშავებული, რომელიც ჟურნალისტს ეხმარება ასეთ სიტუაციებში სტრესის გადალახვაში. მივესალმებით მსგავს სემინარებს და რაც უფრო ხშირად ჩატარდება მით უკეთესი იქნება“– ამბობს სტუდია „თვითმხილველის“ პროექტის მონაწილე ნინო დალაქიშვილი გორიდან.

ახალი მედიის ფორუმი „მთაწმინდის პარკში“

სტუდია „თვითმხილველის“ ჟურნალისტებმა და მოქალაქე–რეპორტიორებმა მონაწილეობა მიიღეს „ახალი მედიის ფორუმში“, რომელიც 12–13 ოქტომბერს ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით   მთაწმინდის პარკში ჩატარდა. პროექტის მიზანი, აუდიტორიისთვის ინტერნეტმედიისა და სამოქალაქო ჟურნალისტიკის შესაძლებლობების გაცნობა იყო. ფორუმზე ინსტრუქტორების სტატუსით ახალი მედიის სფეროში წამყვანი სპეციალისტები აშშ-დან, ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იყვნენ მიწვეულნი. ფორუმში მონაწილეობდნენ მოქმედი ჟურნალისტები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.  
 

უცხოელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ”მთაწმინდის პარკის” პავილიონებში ჩაატარეს პრეზენტაციები და პრაქტიკული სემინარები ბლოგინგზე, პოდკასტინგზე, სოციალურ ქსელებზე, ინტერნეტმაუწყებლობასა და ახალი მედიის სოციალურ გავლენაზე.  

„ჩემთვის, როგორც დამწყები ბლოგერისთვის ძალიან საინტერესო და აუცილებელიც კი იყო ამ ტიპის სემინარში მონაწილეობის მიღება. შევხვდი იმ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ ბლოგებიდან ვიცნობდი და ძალიან მინდოდა ზოგიერთი მათგანის პირადად გაცნობა. მივიღე საინტერესო რჩევები უცხოელი ინსტრუქტორებისგნ იმის შესახებ თუ როგორ არ ვიყოთ საკუთარი ბლოგის ერთადერთი მკითხველი და როგორ შეიძლება გავხადო ბლოგი პოპულარული ქართულ ვებ-სივრცეში. ვფიქრობ, ამ ფორუმის შედეგად ზოგადად ქართული ბლოგსფეროც უფრო საინტერესო ეტაპზე გადავა“, – ამბობს მაკა ცნობილაძე, გოუ ჯგუფის დირექტორის თანაშემწე კომუნიკაციების და ადმინისტრაციის საკითხებში.

სემინარი

2009 წლის 2 ოქტომბერს თვითმხილველთა სტუდიის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა ახვლედიანმა ჩაატარა სემინარი (ტრენინგი) რომელიც გადაღებების მეთოდებს იყო მიძღვნილი. სემინარში მონაწილეობა მიიღეს თვითმხილველთა ქსელის ოთხმა მონაწილემ და ოთხმა ახალმა წევრმა, ყოველი მათგანი მოქალაქე-რეპორტიორები. განიხილებოდა ორი ძირითადი კითხვა- რას უნდა ავარიდოთ თავი გადაღების დროს და რა არის მნიშვნელოვანი ძირითადი მასალის გადაღებისას. 

 სემინარის პირველი ნაწილი მიეძღვნა ყველაზე ხშირი შეცდომების განხილვას, რომლებიც აბრკოლებენ ხარისხიანი მასალის შექმნას. მონაწილეებმა ნახეს უხარისხო გადაღებების ფრაგმენტები, რომლებიც თვალნათლივ გვიჩვენებენ თუ როგორ შეიძლება გაფუჭდეს მასალა ისეთი შეცდომების გამო როგორიცაა: კამერის კანკალი, კამერის ზედმეტად სწრაფი მოძრაობა გადაღებისას,ზუმის ფუნქციის უმიზეზოდ გამოყენება, გადაღებისას კომენტარების კეთება და სხვა. 

შემდეგ ნაჩვენები იქნა ორი ფილმი, საიდანაც ჩანდა განსხვავება დოკუმენტურ ფილმსა და ჟურნალისტური ფაქტის გაშუქებას შორის.

ორივე ჩვენებას თან ახლავდა ვრცელი დიკსუსია.


სემინარის მეორე ნაწილი მიეძღვნა მოქალაქე რეპორტიორებისთვის ისეთი ჩვეულებების შესწავლას, როგორიცაა ახალი ფილმისთვის წინასწარი სცენარის შექმნა, ინტევრიუების და გამოკითხვების ჩატარება, გადაღებები მასალის მთავარი ნაწილისთვის და ა.შ. სემინარის ეს ნაწილი იყო მთლიანად პრაქტიკული, შეიცავდა ვიდეო და ფოტო სესიას და საბოლოო ფილმის შექმნას. 

“მე გადავიღე ფილმი იმის შესახებ თუ როგორ ჩეხავს ადგილობრივი მოსახლეობა ტყეს არალეგალურად. მე მეგონა რომ ფილმი იყო იდეალური, და მას მხოლოდ ზედაპირული რედაქტირება სჭირდება, -თქვა ცოცხალი ხმების ქსელის ახალმა მონაწილემ ნათია სულეიშვილმა. – საბედნიეროდ მე შემიძლია გადავიღო ეს ფილმი თავიდან და ეხლა ზუსტად ვიცი რა უნდა გაკეთდეს და რა უნდა ვკითხო ჩემი ფილმის გმირებს.”

თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მულტიმედიის რეპორტაჟს სემინარის შესახებ და მონაწილეების მიერ შექმილ მასალებს, რომლის ავტორები არიან ჯოყოლა აჭიშვილი (პანკისის ხეობა), გვანცა გომიაშვილი (გორი), მირზა ბორჩაშვილი (პანკისის ხეობა).

   

პრეზენტაცია

14 ივლისს გოუ ჯგუფის პროექტის -სტუდია ‘თვითმხილველი'- პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიება ვიწრო წრეში ჩატარდა და მას მხოლოდ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და მეგობარი ჟურნალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მსვლელობისას მარგარიტა ახვლედიანმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის დეტალები, დასახული მიზნები და ამოცანები. პრეზენტაციის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაესვა შეკითხვები და საკუთარი აზრი გამოეთქვა პროექტთან დაკავშირებით. სტუდია ‘თვითმხილველმა“ დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიაში და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილიც გამოთქვა.

 

 

 

 

hidden text
hidden text
GO Group
Registration No: 204566317
9 Alslanidi Str.Tbilisi 0171, Georgia. Tel: (995 32) 365433,
email: eyestudio@gogroupmedia.net